წყარო: ლელა კუნჭულია, რადიო თავისუფლება
რუსეთის ახალ ეროვნულ უსაფრთხოების სტრატეგიას აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი სტრატეგიულ მოკავშირეებად ყავს მოხსენიებული. სტრატეგია რუსეთს, როგორც მსოფლიოს ძლევამოსილ სახელმწიფოს აღიქვამს. აშშ, ნატო და ევროკავშირი საფრთხის და რისკის მომცველ წყაროებად არიან მოხსენიებული. საქართველო არც მტრად და არც მეგობრად არის განხილული, თუმცა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონები აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი სტრატეგიულ მოკავშირეებად არიან ნახსენები.
„ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოებთან, აფხაზეთის რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან, წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკისთვის.
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხსენება, როგორც სუვერენული სახელმწიფოები იმის მანიშნებელია, რომ პუტინის განცხადება იმის შესახებ, რომ ქართველებმა, აფხაზებმა და ოსებმა ერთმანეთში უნდა მოაგვარონ პრობლემები და რუსეთი ნებისმიერ შეთანხმებას მხარს დაუჭერს, იაფასიანი ტყუილია.
რუსეთის განახლებული დოქტრინა ნატოს გაფართოებას აგრესიად მიიჩნევს და აბსურდული არგუმენტაციით ასეთ ქმედებას საერთაშორისო ნორმების დარღვევად აფასებს. სტრატეგია ნატოსგან მოითხოვს გაითვალისწინოს რუსეთის სახელმწიფო ინტერესები, როდესაც ასეთ ქმედებებს ახორციელებს. სტრატეგიის ავტორები ასევე მიიჩნევენ, რომ დასავლეთის ქმედებები ევრაზიული კავშირის წინააღმდეგ მიმართული აგრესიის გამოვლინებაა. ამის მაგალითად მოყავთ უკრაინაში „ანტიკონსტიტუციური სახელმწიფო გადატრიალება“, რომელიც მათი ღრმა რწმენით აშშ-ის და ევროკავშირის მიზანმიმართული მხარდაჭერით განხორციელდა.
სტრატეგიით გათვალისწინებულია რუსეთმა შეინარჩუნოს მისი ფუნქცია, როგორც ძლევამოსილი სახელმწიფო, რათა ხელი შეუწყოს „სტრატეგიული სტაბილურობის და ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის მხარდაჭერას პოლიცენტრულ მსოფლიოში“.